ისტორია და მისია

„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“  კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის მისიაა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის იდეოლოგიური და ინტელექტუალური ბაზისის შექმნა.

„კავკასიური სახლი“ ხელს უწყობს საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვა-გადარჩენას; იმ სულიერ-ინტელექტუალური საფუძვლების შექმნას, რაც აუცილებელია საქართველოსა და კავკასიის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. „კავკასიური სახლი“ ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაციასა და დემოკრატიზაციაზე, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას, საერთო პროგრესს.

„კავკასიური სახლის“ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადამიანის უფლებების დაცვა, რელიგიურ-ეთნიკური შემწყნარებლობა, განსხვავებულ კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობის ნორმების დანერგვა. „კავკასიურ სახლს“ მიზანია კონსტრუქციული ალტერნატიული აზრისა და მოქალაქეობრივი სათქმელის მუდმივ ტრიბუნას წარმოადგენდეს.

1973 წელს საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოსისა და ლიტერატორის – ოთარ ნოდიას (1928-1993) ინიციატივით „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია“ დაარსდა. ორგანიზაციის მიზანი იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების თარგმნა ქართულად და ქართული ლიტერატურისა მსოფლიო ენებზე. თავი მოუყარა რა თავის ჭერქვეშ ენებისა და სხვა ქვეყნების კულტურის საუკეთესო მცოდნეებს, ფილოლოგებსა და მთარგმნელებს, კოლეგია თანდათან გარდაიქმნა ერთგვარ მულტიკულტურულ ინტელექტუალურ ცენტრად, თავისუფალი და დემოკრატიული აზროვნების კერად. იგი იყო სხვადასხვა კულტურათა დიალოგის ადგილი და სახლი, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი ერთად მუშაობდა. კოლეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კავკასიის ხალხთა ლიტერატურის შესწავლასა და თარგმანს.

1994 წელს, მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – „კავკასიური სახლი“, რომელიც „კოლეგიის“ უფლებამონაცვლეა. 1999 წლის 4 ნოემბერს სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ სახლის ბაზაზე დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი.“

შენობა, რომელშიც დღეს „კავკასიური სახლი“ ფუნქციონირებს 1859 წელს არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტითა და ვაჭარ იგორ თამამშევის შეწევნით აშენდა. სახლის უკანასკნელმა მემკვიდრემ მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა 1985 წელს მთელი ქონება ანდერძით საქართველოს, კერძოდ კი „მთარგმნელობით კოლეგიას“ დაუტოვა, რომლის ბაზაზეც შემდგომ „კავკასიური სახლი“ დაარსდა. XIX საუკუნეში აშენებული სმირნოვების საგვარეულო სახლი მეოცე საუკუნის მიწურულისათვის უკვე საკმაოდ ამორტიზებული იყო. შენობის ძირეული რესტავრაცია საკუთარ თავზე ევროპულმა ფონდმა  – Horizon აიღო და 1998-2000 წლებში სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

Facebook
Twitter
LinkedIn